ინტეგრირებული სწავლება

ევროპული სკოლა , თინათინ მაჭარაშვილი, ფრანგული ენის მასწავლებელი
ინტეგრირებული გაკვეთილი_  მეტი მოტივაცია, მეტი ცოდნა
შესავალი
დღეს ძალზე აქტუალურია სხვადასხვა დისციპლინების ინტეგრირებული სწავლება. ზოგიერთი სასწავლო დისციპლინის შიგნით ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უკვე განხორციელდა  ინტეგრაცია, მაგალითად, ინტეგრაცია მოხდა მათემატიკაში: ცალ-ცალკე და ერთმანეთისგან მოწყვეტით აღარ ისწავლება ალგებრა/გეომეტრია, საბუნებისმეტყველო საგნები პირველი ექვსი წლის განმავლობაში ინტეგრირებულად ისწავლება.
რამ განაპირობა სწავლების ამ ახალ რელსებზე გადასვლა? მოკლედ მოგახსენებთ ინტეგრირებული სწავლების პრიორიტეტებზე.  ერთის მხრივ, ინტეგრირებული სწავლება მოსწავლეს ეხმარება ცოდნის განზოგადებაში. ის ახდენს ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის სინთეზს. შედეგად მოსწავლე სამყაროს დანაწევრებულად აღარ აღიქვამს, არამედ მას ერთ მთლიანობად წარმოიდგენს. მეორეს მხრივ,  ინტეგრირებული გაკვთილებით მოსწავლე იძენს საუკეთესო უნარს/გამოცდილებას, რომელსაც დამოუკიდებლად მუშაობის დროს შედეგიანად გამოიყენებს. ის სწავლობს  ერთმანეთთან როგორ უნდა დააკავშიროს სხვადასხვა დისციპლინაში მიღებული ცოდნა, ერთი საგნის წინარე ცოდნა, როგორ გამოიყენოს მეორე საგანში ასათვისებელი მასალის საფუძვლად, რაც გაუმარტივებს სწავლების პროცესს. მოსწავლე იგრძნობს რომ ადვილად ითვისებს ახალ მასალას და მოტივაციაამაღლებული უფრო მეტი მონდომებითა და შემართებით შეუდგება ცოდნის შენებას.
გაკვეთილი, რომელიც გვსურს წარმოგიდგინოთ, გახლავთ სწორედ მოდელი ისეთი ინტეგრირებული სწავლებისა, როდესაც ერთ საგანში მიღებული ცოდნა ეხმარება მოსწავლეს წარმატებით დაძლიოს მეორე საგანში მისთვის რთულად გასაგები მასალა.


მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
მოგეხსენებათ, ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სულ მცირე ორი საგნის მონაწილეობას (საერთო გამჭოლი თემატიკის/უნარის ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე საგანი) ისე, რომ მათი შერწყმა საშუალებას გვაძლევს ერთი და იგივე თემის/უნარების ირგვლივ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სამუშაოები/აქტივობები, რომელთა შესრულებითაც ინტეგრირებული საგნების სასწავლო შედეგ(ებ)ზე გავალთ.
 ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად პირველ რიგში უნდა მოხდეს საგაკვეთილო მიზნის სწორად განსაზღვრა. დასახული მიზნის მისაღწევად საგნები გაერთიანდებიან საერთო თემის ან უნარის გარშემო. აქედან გამომდინარე აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ვიხელმძღვანელოთ ეროვნული სასწავლო გეგმით, სადაც სწავლების საფეხურების მიხედვით მოცემულია ინფორმაცია იმ შედეგებისა და ინდიკატორების შესახებ, რაზეც უნდა გადიოდეს სასწავლო პროცესის დროს დაგეგმილი და შერჩეული სამუშაოები/აქტივობები.
გაკვეთილი, რომელიც ჩვენი მოხსენების თემაა,  2014 წლის 20 მარტს ჩატარდა ევროპულ სკოლაში. გაკვეთილის თემა იყო „გარემოს დაბინძურება“, ხოლო მიზნობრივი ჯგუფი _ 9/10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენაში B1 დონეზე ერთ ჯგუფში არიან. ინტეგრირებული გაკვეთილის დისციპლინებს წარმოადგენდნენ ფრანგულ ენა და ქიმია.

ფრანგული ენის სახელმძღვანელოში Scénario 2 გავდიოდით თემას_ გარემოს დაბინძურება. ეს საკითხი მრავალი კუთხით დავამუშავეთ, მოსწავლეები კარგად ფლობდნენ ტერმინოლოგიას. ამიტომ გადავწყვიტე, გარკვეული სახით ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და მათთვის ენობრივი კუთხით უფრო რთული მასალა შემეთავაზებინა. Mystere TV-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ნიოსის ტბა ავირჩიე. მთავარი, რის გამოც ამ მასალაზე შევაჩერე  არჩევანი, ის გახლავთ, რომ ამ ფილმში აღწერილი კატასტროფის მიზეზებს ვერ გამოიცნობდნენ მოსწავლეები მსგავს შემთხევასთან პარალელის გავლებით, ამიტომ მე მექნებოდა უნიკალური შანსი, დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ თუ შედეგზე გავიდოდი, ეს მხოლოდ სხვა დისციპლინაში, ჩვენს შემთხვევაში ქიმიაში მიღებული ცოდნისა და მათი უნარების   (როგორც ენობრივი ასევე ლოგიკური აზროვნება, ანალიზი) დამსახურება იქნებოდა და არა ასოციაციები  ანალოგიურ მასალაზე.

ჩემი იდეა გავაცანი ჩემს კოლეგას და შევუდექით საქმიანობას. გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად შეგვექმნა ისეთი პირობები, რაც გაკვეთილს მათთვის სახალისოსაც გახდიდა და შეუწყობდა ხელს ბუნებრივი კატასტროფის მიზეზებისა და ამ სახის კატასტროფების თავიდან აცილების გზების დადგენაში. ამისათვის საკლასო ოთახში (ქიმიის ლაბორატორია) შევქმენით  აფრიკის იმ ტომის საცხოვრებელი გარემოს მინი მაკეტი, რომელიც თითქმის მთლიანად შეეწირა ამ კატასტროფას. ჩანაფიქრმა გაამართლა, როდესაც მოსწავლეებმა თვითონ ჩაატარეს ტბაში მომხდარი CO2 ამოხეთქვის ანალოგიური ცდა და დაინახეს, რომ ღრუბელმა მთლიანად დაფარა საცხოვრებელი გარემო,  მიხვდნენ, რამ გამოიწვია სულიერი არსებების განადგურება. როგორც ხედავთ, წარმატებით გამოვიყენეთ ჯონ დიუის მეთოდი, რომელიც გულისხმობს „გამოცდილებით სწავლა, ანუ სწავლა კეთებით“.

სწავლების ძირითადი მეთოდები, რომლებსაც როგორც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, ასევე მოსწავლეების დამოუკიდებლად მუშაობის (საშიანო დავალების შესრულების) დროს მივმართეთ ძირითადად არის: დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია, რადგან მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდება მოსწავლეს, ამრიგად პასუხობს მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპების მოთხოვნებს; ანალიზის მეთოდი, მოსწავლეებმა გააანალიზეს ფაქტები, რათა დაედგინათ კატასტროფის გამომწვევი მიზეზები, ანალიტიკური აზროვნების უნარის მეშვეობით დასახეს პრობლემა და მისი გადაჭრის გზები; ახსნა-განმარტებითი მეთოდი, რომელიც ორი კუთხით წარიმართა: ჯგუფური მუშაობისას თვით მოსწავლეები აძლევდნენ ერთმანეთს ახსნა-განმარტებებს, ხოლო „ცნებათა“ ქსელისა თუ ფრონტალური გამოკითხვის დროს _ მასწავლებელიც ; დედუქციური მეთოდი მოსწავლეებმა გამოიყენეს პრობლემის დიაგნოზირებისა და მისი მოგვარების მცდელობისას, კერძოდ, დედუქციური მეთოდით განსაზღვრეს კატასტროფის გამომწვევი მიზეზი: გამომდინარე ზოგადი დებულებიდან, რომ CO2 უფრო მძიმეა ვიდრე  H2O გამოიტანეს დასკვნა, რომ სულიერი არსებების განადგურება გამოიწვია CO2-ის სქელმა ფენამ, რომელმაც გააძევა ჟანგბადი და გაგუდა სულიერი არსებები;   და სინთეზის მეთოდიც, მოსწავლეებმა შეძლეს, მოეხდინათ ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნის სინთეზი, გარდა ფრანგული ენისა და ქიმიისა, მათ დაიხმარეს  გეოგრაფიასა (ტბის მიმდებარე ტერიტორიის ლადშაპტისა და წყლისქვეშა მიწის ქანების სპეციფიკის გააზრება) და ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანში (დავალება შეასრულეს  edmodo.com-ში)  მიღებული ცოდნა.

 

შედეგი
შედეგი თვალსაჩინოა, მოსწავლეებმა ანალიზისა და სინთეზის მეშვეობით ამოიცნეს კატასტროფის გამომწვევი მიზეზები,  დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები და ქიმიური ცდითაც დაამტკიცეს მათი ეფექტურობა. ექპერიმენტმა გაამართლა და დაგვარწმუნა, რომ თუკი მოსწავლეს კარგად აქვს განვითარებული როგორც ენობრივი კომპეტენციები, ასევე ანალიტიკური აზროვნებისა და ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის ურთიერთდაკავშირების უნარი, შეძლებს ხალისით დაძლიოს ყოველგვარი სირთულე.
დარწმუნებული ვარ (რადგან იგივე მასალაზე ვიმუშავე კერძო მოსწავლესთან, რომელსაც ასევე   ფრანგულ ენაში B1 დონე აქვს), რომ ეს მასალა ქიმიასთან ინტეგრაციის გარეშე, ძნელად გასაგები  დარჩებოდა მოსწავლეებისთვის. ენობრივ სირთულეებთან ჭიდილი კი მოგეხსენებათ სახალისო ნამდვილად არ არის.   ქიმიის დახმარებით მათ იოლად დაძლიეს რთული მასალა მოტივაციის ამაღლებასთან ერთად.

დასკვნა
 დასკვნის სახით, გვსურს გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რაც კონკრეტულად ამ  ინტეგრირებულმა გაკვეთილმა შეგვძინა.  გვერწმუნეთ, ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების დროს  არანაკლებ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი პარტნიორი, რომლისთვისაც შეთავაზებული გაკვეთილი ძალიან საინტერესო იქნება, რაც მას თქვენთან ერთად მუშაობის სურვილს გაუათკეცებს. გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში მასწავლებელთა თანაბარი მუშაობა პირდაპირ აისახება საგაკვეთილო პროცესზე, მოსწავლეები ხედავენ მასწავლებელთა შეხმატკბილებულ მუშაობას, თანაბარ პასუხისმგებლობას, რაც მათ მაგალითს აძლევს, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ თანაკლასელებთან წყვილებსა თუ ჯგუფური მუშაობის დროს.


გამოყენებული ლიტერატურა



0 comments:

Post a Comment