სწავლების ახალი მეთოდოლოგია-ონლაინ სწავლა

GESJ: Education Science and Psychology 2012 | No.1(20)
International Scientific Conference: "Education in the Era of Globalization - XXI Century Challenges''. Materials
ISSN 1512-1801

სწავლების ახალი მეთოდოლოგია-ონლაინ სწავლა
დარეჯან გელაძე
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რეზიუმე
ონლაინ სწავლა ტრადიციული განათლების ყველა ფორმის ორგანიზაციული, მეთოდური და ტექნიკური უზრუნველყოფის თვისებრივი სახეცვლილებაა, ხასიათდება ევოლუციურობით, ინფორმაციული საზოგადოების განვითარების კანონზომიერი მოვლენაა და რეალიზებულია ახალი ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების საშუალებით. ეს არის ,,პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან.”იგი წარმოადგენს დაჩქარებული ვარიანტით უმაღლესი განათლების მიღების რეალურ და მოქნილ საშუალებას, რაც დროისა და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან ეკონომიასთანაა დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით ელექტრონული კურსები დაინერგვა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. სულხან‐საბა ორბელიანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დისტანციური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ილია ჭავჭავაძისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტები.
წლების წინ წარმოუდგენელი იყო ქვეყნიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში განათლების მიღება. ამ მეთოდის ერთ‐ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლოს. ონლაინ სწავლა შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე ადგილზე სწავლა და კურსდამთავრებულს ზუსტად ისეთივე დიპლომი ეძლევა, როგორსაც ის მიიღებდა ადგილზე.
საკვანძო სიტყვები: ონლაინ სწავლა, ტექნოლოგია, ვირტუალური, ტელეკომუნიკაცია.
სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძნება საინფორმაციო-საკომუნიკაციო დისტანციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების (სსდსტ) გამოყენებას, დამაჯერებლად შედის მსოფლიოს, უფრო მეტად ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის პრაქტიკაში.
დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Boston Gazette განცხადება გაჩნდა, მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად 19-ე საუკუნეში, საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, მინიმუმ 1840-იან წლებში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი, ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს. ლონდონის უნივერსიტეტი (University of
London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად ოფიციალური დისტანციური სწავლება 1858 წელს. მას შემდეგ და მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა. [1]
ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიტერული ტექნოლოგიების განვითარებამ, წინ წამოწია ,,ონლაინ სწავლა’’, როგორც დისტანციური სწავლების ახალი ფორმა. თუ კომპიუტერი, ინტერნეტი და შესაბამისი თანხა გაგაჩნიათ, დღეს შეგიძლიათ სასწავლო კურსი გაიროთ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. წლების წინ წარმოუდგენელი იყო ქვეყნიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში განათლების მიღება. ამ მეთოდის ერთ‐ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლოს. ონლაინ სწავლა შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე ადგილზე სწავლა და კურსდამთავრებულს ზუსტად ისეთივე დიპლომი ეძლევა, როგორსაც ის მიიღებდა ადგილზე. დისტანციური განათლება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პრაქტიკულად უმაღლესი განათლების სერიოზულ ალტერნატივადაა აღიარებული და სხვადასხვა სპეციალობის დაუფლების მსურველთათვის სწავლის მართლაც კომფორტულ და მოხერხებულ საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, ,,ვირტუალურ უნივერსიტეტში’’ სწავლის გაგრძელებას სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დისტანციური სწავლების დანერგვით მსურველთა დიდი რაოდენობისთვის განათლების მიღება შესაძლებელი ხდება ძირითადი საქმიანობისგან მოუწყვეტლად, ნებისმიერ დროს და საცხოვრებელი ადგილის მდებარეობისგან დამოუკიდებლად. ამასთან, იგი წარმოადგენს დაჩქარებული ვარიანტით უმაღლესი განათლების მიღების რეალურ და მოქნილ საშუალებას, რაც დროისა და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან ეკონომიასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ დისტანციური სწავლება განათლების მიღების კარგ პირობებს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებსა და პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ პირებს.
სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად ითვლება. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია საზღვარგარეთის ქვეყნების მოწინავე გამოცდილება, რაც აუცილებელია საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმისათვის. ინფორმატიზაცია, ინფორმაციის მოპოვება XXI საუკუნის საზოგადოების განვითარების გადამწყვეტ ფაქტორად მოგვევლინა. ინტერნეტ ტექნოლოგიების ათვისება და ყველა სფეროში დანერგვა სწავლის პროცესისა და ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრების კანონზომიერი პროცესია. ამიტომაც ამის მიღწევისათვის ერთადერთ რეალურ გზად გვესახება სასწავლო‐აღმზრდელობით პროცესში ინტერნეტ ტექნოლოგიების ფართო დანერგვა. აღნიშნული კომპიუტერული პროგრამა სტუდენტს აწვდის იმდენად ღრმა და ვრცელ ინფორმაციას, გამდიდრებულს ეფექტური თვალსაჩინოებით, რაც მიუწვდომელია სწავლების ტრადიციული მეთოდისათვის. იგი მკვეთრად აფართოებს სწავლების შესაძლებლობებს. დისტანციური სწავლება არის ცოდნის მიღების ახალი მეთოდი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით: ტელეკომუნიკაცია, ტელევიზია, მულტიმედია, სატელიტური არხებით მონაცემთა გადაცემა და კომპიუტერული ქსელები. [2]

დისტანციური სწავლის უპირატესობა ისაა, რომ სტუდენტი სწავლისთვის თავად ირჩევს ადგილსა და დროს, ხოლო კომუნიკაციის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტას. სტუდენტი თავისი სპეციალობის შესაბამისად ნახულობს სასწავლო გრაფიკს (მიმოხილვითი კონსულტაციების, ჩათვლების, გამოცდების და ა. შ.) და სასწავლო გეგმას (სემესტრების მიხედვით საგნების, საბაკალავრო ნაშრომების ნუსხას). შემდეგ სტუდენტი დამოუკიდებლად მუშაობს საკუთარ თავზე და კონკრეტული საგნის შესაბამისად, მისთვის გაუგებარი საკითხების გასარკვევად ესწრება უნივერსიტეტში შაბათ‐კვირას მიმოხილვით კონსულტაციებს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ასევე ჩათვლებსა და გამოცდებსაც აბარებს უნივერსიტეტში. სტუდენტი საკონტროლო სამუშაოს, საბაკალავრო ნაშრომს გადააგზავნის ელექტრონულ ფოსტაზე. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, რომელმაც რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან სპეციალური მემორანდუმი გააფორმა. სწავლების ეს მეთოდი პატიმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ, როგორც იცით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება უკვე შეუძლიათ, ახლა კი უმაღლესში სწავლის საშუალებაც მიეცემათ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ეს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ჯერ‐ჯერობით გარემო არაკეთილმოწყობილია. დისტანციური სწავლება ადგილის და დროის შეუზღუდავად შესაძლებელს ხდის: გაიცნო უცხო ქვეყნის განათლების სისტემები, მოისმინო ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებელთა საუკეთესო პროფესორ‐მასწავლებლების მიერ მომზადებული კურსები, მიიღო კონსულტაციები ,,პირველი ხელიდან” ‐ თვით კურსის ავტორისგან, ჩააბარო გამოცდები, მიიღო სერთიფიკატი და მოძებნო სამსახური. ყველა სასწავლო მასალა გადაიცემა კომპიუტერული ქსელით. გამოცდების ჩასატარებლად გამოიყენება ინტერნეტი, ფაქსი, ტელეფონი, დიალოგური ქსელი, ვიდეოფონი, აუდიო და ვიდეო კონფერენციები.
რა არის დისტანციური სწავლება? დისტანციური სწავლება ნიშნავს შორი მანძილიდან სწავლებას, როცა ორი სუბიექტი‐სტუდენტი და ლექტორი ერთმანეთისგან განცალკევებული არიან, როგორც დროში ასევე სივრცეში. ასეთი განსაზღვრა შეიძლება ერთგვარ გაურკვევლობას იწვევდეს; მაგრამ ეს მართლაც ასეა, რადგან ამ დროს სწავლების დიდი ნაწილი, მიმდინარეობს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების და უახლესი ტელეკომუნიკაციური სისტემების გამოყენებით. ეს გახლავთ სწავლების ფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის ,,პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან.” კარგად ორგანიზებული დისტანციური სწავლა მრავალფეროვანს ხდის სწავლებისა და სწავლის სტილს. შესაბამისად, ის ისეთ ორგანიზებულ სისტემას წარმოადგენს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს სრულყოფილად უზრუნველყოს კომპიუტერის და ინტერნეტით მეშვეობით სტუდენტისთვის ისეთი განათლების მიწოდება, როგორსაც ის უნივერსიტეტში ყოველდღიური სიარულითა და ლექციაზე სისტემატური დასწრების შედეგად მიიღება. ასეთ სისტემას უნდა შეეძლოს სრულყოფილად განახორციელოს სასწავლო პროცესის კონტროლი, უზრუნველყოს კავშირი სტუდენტსა და ლექტორს შორის. დისტანციური


სწავლა ემსახურება სტუდენტებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ესწრებიან სასაწავლო პროცესს აუდიტორიაში (მაგალითად დაოჯახების, მუშაობის ანდა სხვა ქალაქში ცხოვრების გამო). [3]
2011წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო კანონი, საქართველოში ელექტრონული სწავლების შესახებ. ელექტრონული კურსები დაინერგვა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ამ მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრთან ფუნქციონირებს დისტანციური სწავლების მიმართულება, რომელიც სათანადო აპარატურითაა აღჭურვილი. უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების დანერგვა ინფრასტრუქტურის განვითარებით დაიწყო. ფაკულტეტებზე ელექტრონული სწავლების დანერგვის წარმომადგენლები (კოორდინატორები) დაინიშნა, შემოღებულია არჩევითი სასწავლო კურსი დოქტორანტებისთვის–,,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა”. აღსანიშნავია, რომ ეს არჩევითი კურსი დოქტორანტების ახალი სტანდარტის მხარდასაჭერად დაინერგა. დოქტორანტის მიერ კურსის დასრულებისას ხდება ერთი ელექტრონული კურსის შექმნა და განთავსება უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე (www.e-learning.tsu.ge). ასევე, მომავალში, დოქტორანტი შეძლებს პროფესორის ასისტენტობას ელექტრონული კურსების შექმნაში.
სულხან‐საბა ორბელიანის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია დისტანციური სწავლების ცენტრი ,,საბას მადლი,” რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს სასწავლო პროცესში. დისტანციური სწავლების ცენტრის ,,საბას მადლის” ვებ‐გვერდზე ამჟამად უკვე რამდენიმე კურსი არის განთავსებული, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციურ სწავლებას საფუძველი უკვე ჩაეყარა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ამჟამად მიმდინარეობს ელექტრონული ლექციების კურსების, ელექტრონული ბიბლიოთეკების, სათანადო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიებისა და კაბინეტ‐ლაბორატორიების მზადება, საიდანაც სტუდენტები სალექციო კურსების მოსმენასა და ლაბორატორიული სამუშაოების შესრულებას ონლაინ‐რეჟიმში შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ უახლოეს მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დისტანციური სწავლების პუნქტები გაიხსნება. ტექნიკური უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს თანამედროვე ჰუმანიტარულ აკადემიასთან, რომელიც დისტანციური სწავლების ორგანიზაციისა და მართვის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ‐ერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ დისტანციური განათლების დანერგვასთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი და სხვა უნივერსიტეტები.
განათლების სისტემაში გამოყენებული საკომუნიკაციო ქსელების საშუალებით განხორციელებული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა სტუდენტს და ლექტორს ეხმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სასწავლო გარემოების გაანალიზებაში, სწავლების დაგეგმვის მენეჯმენტის განხორციელებაში, სწავლების
მოტივირებასა და მონიტორინგის ჩატარებაში. ინფორმაციის მიღება და გაცვლა-გამოცვლის ასეთ მენეჯმენტს, უწოდებენ დამაკავშირებელ ანუ საურთიერთობო პროცესს. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი დანიშნულება არა მარტო ის, რომ სტუდენტი აღჭურვოს ცოდნით, არამედ ეს ცოდნა შეძენილი იყოს ისეთი აქტიური, შემოქმედებითი ფორმით, რომელიც სტუდენტს დაუბრკოლებლად მისცემს საშუალებას განათლება მიიღოს უწყვეტად, უნივერსიტეტის გარეთ სა სწორედ განათლების მიღების ასეთი პერსპექტიული ფორმაა დისტანციური სწავლება. [4]
დისტანციური სწავლების ელემენტების გამოყენება დიდი იმედების მომცემია როგორც მასწავლებლისათვის, ისე სტუდენტისათვის. სასწავლო მასალის უმეტესი ნაწილის გადატანით დისტანციური სწავლების რეჟიმში, მასწავლებელს ბევრი გამონთავისუფლებული დრო დარჩება იმისათვის, რომ ფართოდ გამოიყენოს დისკუსიები, საქმიანი თამაშები, გადაწყვიტოს სასწავლო პრობლემები და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ დისტანციური სწავლება არის სააუდიტორიო სწავლის პროცესის გაგრძელება. ამ მეთოდის გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია სალექციო მასალა წარმოადგინოს ელექტრონული სახით, მისცეს სტუდენტებს საშინაო დავალებები, ჩაუტაროს ტესტირებები და მრავალი სხვა. ყველაფერი დამოკიდებულია თვით მასწავლებლის მომზადებასა და ინიციატივაზე. საზღვარგარეთ ბევრი მასწავლებელი, რომელიც იყენებს ასეთ შერეული სწავლების მიდგომას, აღნიშნავს, რომ ისინი ზოგავენ დროს და ზრდიან სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობის გამოყენების უნარს.
ონლაინ სწავლა ტრადიციული განათლების ყველა ფორმის ორგანიზაციული, მეთოდური და ტექნიკური უზრუნველყოფის თვისებრივი სახეცვლილებაა, ხასიათდება ევოლუციურობით, ინფორმაციული საზოგადოების განვითარების კანონზომიერი მოვლენაა და რეალიზებულია ახალი ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების საშუალებით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
ჩაჩანიძე გ. სწავლების ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში. სტუ-ს საერთაშორისო სიმპოზიუმის შრომები `საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგების განვითარების ისტორიის საკითხებზე~. თბილისი, 15-18 ივნისი, 2000. გვ: 100-115.
2.
ჩაჩანიძე გ, სანთარია ვ. ინტერნეტ-განათლების ტექნოლოგიები და მისი განვითარების პერსპექტივები. თბილისი 2004. გვ: 132-136.
3.
Полат Е.С., «Дистанционное обучение», Москва. «Владос» 1998. ст. 180-190. http://edu-guide.ge/news/2010/04/distanciuri-scavla/
_________________________
Article received: 2011-12-20

0 comments:

Post a Comment