ელექტრონული სწავლება



ჰიბრიდული ელექტრონული სწავლება (ფრანგული ენის მაგალითზე)
21-ე საუკუნე ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაა. მსოფლიო ფერხულში საქართველოს სკოლებიც აქტიურად არიან ჩაბმულნი და ცდილობენ, დანერგონ სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომელიც განუყოფელია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება უნდა გახდეს მასწავლებლის თვითმიზანი, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ტექნოლოგია უნდა იყოს დამხმარე საშუალება, რათა უფრო ეფექტურად გავიდეს სასურველ შედეგზე და არა ზედმეტი ტვირთი. ამ რისკ-ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით მასწავლებელმა გონივრულად უნდა განსაზღვროს სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ჩართვის სქემა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ თანამედროვე მსოფლიო მიიყვანა სწავლების ისეთი უახლესი ფორმების დანერგვამდე, როგორიც არის ელექტრონული სწავლება. მსოფლიოს მრავალ წამყვან უნივერსიტეტს აქვს დისტანციური სწავლების მთელი კურსი. სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია საზღვარგარეთის მრავალ უნივერსიტეტში მაგისტრატურისა და დოქტურანტურის კურსის გავლა, რომ აღარეფერი ვთქვათ მრავალი დაწესებულების მიერ შემოთავაზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ნელ-ნელა საქართველოშიც ფეხს იკიდებს  ელექტრონული სწავლების მეთოდი.
რა არის ელექტრონული სწავლება?
ელექტრონული სწავლება (E-learning) – გულისხმობს სწავლებას ინტერნეტითა და მულტიმედიური საშუალებებით. იგი მოიცავს სწავლების პროცესის ყველა კომპონენტს (მიზნები, შინაარსი, მეთოდები, საშუალებები და სხვ.), რომელთა რეალიზება ხდება სპეციფიკური საშუალებებით. ელექტრონული სწავლება არის სამი სახის: დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პედაგოგისა და მოსწავლის საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული კურსის საშუალებით; დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას მასწავლებლის ფიზიკური დასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად, ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს;  ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური) - სწავლების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ჰიბრიდულ ელექტრონულ სწავლებაზე და ერთი კონკრეტული გაკვეთილის მაგალითზე განვიხილავ, როგორ შეიძლება მისი განხორციელება, რა მიზნებს ემსახურება, რომელი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს და რა არის მისი უპირატესობა.
მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა
ელექტრონული სწავლების პროდუქტის შესაქმნელად მოხსენებაში წარმოდგენილი მაგალითის მიხედვით მასწავლებელს სჭირდება ორი ტქენოლოგიური ინსტრუმენტი edmodo.com, რომელიც ონლაინ რესურსია ელექტრონული ტესტების შესაქმნელად და პროგრამა CamStudio, რომელიც ინტერნეტში განთავსებული უფასო პროგრამაა ვიდეო გაკვეთილების ჩასაწერად. ამ პროგრამების საშუალებით მასწავლებელი ქმნის შემდეგ რესურსს: ვიდეო გაკვეთილს, რომელსაც თან აქვს დართული ელექტრონული ტესტები, რაც საშუალებას აძლევს მას დაადგინოს  კონკრეტული მასალის ათვისების დონე, მოსწავლეთა ცოდნაში გამოავლინოს ეგრეთ წოდებული „თეთრი ლაქები“, რათა იზრუნოს მათ აღმოფხვრაზე. (მოხსენებაში კონკრეტული მაგალითის განხილვისას დაწვრილებით წარმოგიდგენთ ტექნიკურად როგორ მუშაობს აღნიშნული პროგრამები).
            სწავლების ძირითადი მეთოდები, რომელსაც ჰიბრიდული ელექტრონული სწავლების პროცესაში მივმართავთ ძირითადად არის: დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია, რადგან მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდება მოსწავლეს, ამრიგად პასუხობს მოსწავლეთა სხვადასხვა ტიპების მოთხოვნებს; ანალიზის მეთოდი; ახსნა-განმარტებითი მეთოდი. უნდა აღინიშნოს, რომ იმის მიხედვით, თუ რა მასალას გადასცემს მასწავლებელი, ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს ემატება დედუქციური, ინდუქციური, სინთეზის და  სწაველებაში დანერგილი სხვა მრავალი მეთოდიც. თვალსაჩინოა, რომ ჰიბრიდულ  ელექტრონულ სწავლებას ინდივიდუალური მუშაობის ფორმიდან (მოსწავლე დამოუკიდებლად ეცნობა ვიდეო გაკვეთილს და ავსებს ტესტს) მივყავართ ინტერაქციამდე (გაკვეთილზე ხდება ტესტის მიერ აღმოჩენილი „თეთრი ლაქების“ გაანალიზება, მსჯელობა იმართება მოსწავლეთა შორის  მასწავლებელი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერთვება).

მიზანი
            ელექტრონული სწავლების მიზანი უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ  მოსწავლეს განუვითაროს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სწავლების ამგვარი ფორმა აუცილებლად ავითარებს ისეთი „გამჭოლ“ კომპეტენციებს, როგორიცაა ციფრული წიგნიერება, მედიაწიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენცია და სწავლის სწავლა. დამეთანხმებით, რომ კონკრეტული მასალისა და მისი წარდგენის ფორმატის მიხედვით ელექტრონულ რესურსს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა ურანსა და გამჭოლ კომპეტენციაზე გავყავართ.
გარდა იმისა, რომ ელექტრონული სწავლების ფრომა,  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელს უწყობს მრავალი უნარისა და კომპეტენციის განვითარებას, განსაკუთებით ეფექტურია სწავლების პროცესში დროის დაზოგვის მიზნით. რა იგულისხმება? ჰიბრიდული ელექტრონული სწავლების ფორმა უნიკალურია ისეთ მოსწავლესთან მუშაობის დროს, რომელმაც გააცდინა გაკვეთილი. მასწავლებელი მას უგზავნის ვიდეო გაკვეთილს, რომელსაც დართული აქვს ტესტები. მოსწავლე ეცნობა ახალ მასალას, დამოუკიდებლად გააანალიზებს და აკეთებს ტესტურ დავალებას. მასწავლებელი, რომელიც მომდევნო გაკვეთილამდე ფლობს ინფორმაციას მასალის გაგების დონის შესახებ, გაკვეთილის დაგეგმვისას ითვალისწინებს თუ რომელ საკითხზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და რომელზე არა, რათა არარაციონალურად არ დაკარგოს დრო.
შედეგი
შედეგი თვალსაჩინოა. ელექტრონული სწავლება უპირველეს ყოვლისა მოსწავლეს აჩვევს დამოუკიდებლად მუშაობას, ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებას  და რაც მთავარია ძალიან პრაქტიკულია. მაგალითად ელექტრონული ტესტი მასწავლებელს ორმაგ მუშაობას არიდებს თავიდან: ელექტრონული ტესტის შედგენისას უთითებ, რომელია სწორი პასუხი და შედეგი ავტომატურად ითვლება, მასწავლებელს აღარ სჭირდება თითოეულ ტესტში დახურულ კითხვებზე პასუხის შემოწმება და საბოლოო ქულების დათვლა, ამას მის მაგივრად პროგრამა აკეთებს. ვიდეო გაკვეთილიც ზოგავს მასწავლებელს. განხილული მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ მას აღარ უწევს ახსნილი მასალის თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ ახსნა. მოსწავლეს კი შეუძლია ინტერნეტში ჩართული ტელეფონითაც კი გააკეთოს დავალება.
რაც ყველაზე მთავარია სწავლების ამგვარი ფორმით მოსწავლე ეცნობა და ეჩვევა უახლოესი მეთოდებით სწავლას, რაც მას მომავალში გზას გაუხსნის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისკენ, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ დისტანციურ ელექტრონულ სწავლებას.
დასკვნა
გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ძალიან პრაქტიკულია ელექტრონული საწვლების ჰიბრიდული ფორმის გამოყენება სწავლების პროცესში, ამიტომ შევარჩიე ეს საკითხი, რათა კოლეგებისთვის გამეზიარებინა. რაც შეეხება მოსწავლეებს, მათთვისაც ძალიან „მომგებიანი“ აღმოჩნდა  სწავლების ამგვარი ფორმა, რადგან ძალიან უწყობს ხელს მოტივაციის ამაღლებას. მათ მოსწონთ და ხალისით იყენებენ კომპიუტერს, რომელიც  მათთვის არამარტო გასართობი, არამედ თანამედროვეობის და წარმატებულობის სიმბოლოცაა.


ბიბლიოგრაფია:
1.      ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016

4.    L'EFFICACITÉ DE L'ENSEIGNEMENT À DISTANCE : MYTHE OU RÉALITÉ ?

Caractéristiques et méthodologies de l'efficacité de l'EAD
Zarrouk Sandoss Ben Abid
Préface de Pascal Marquet
COMMUNICATION, MÉDIAS EDUCATION ENSEIGNEMENT 
ISBN : 978-2-343-00320-7 • juin 2013 

5.    L'enseignement à distance

                    Jean-Pierre Lehnisch  ISBN: 2130376460

 




                                                თინათინ მაჭარაშვილი
                                                ევროპული სკოლა




0 comments:

Post a Comment